მეცხვარეობის განვითარება საქართველოში

საქართველოში ისტორიულად ცხვრის შენახვის სამი სისტემაა დამკვიდრებული: მომთაბარე-საძოვრული, საძოვრულ- სტაციონარული და საძოვრულ-ნახევრადსტაციონარული.
მომთაბარე-საძოვრული სისტემა ძირითადია და ამასთან ყველაზე რთული და ითვალისწინებს მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივი საძოვრების გამოყენებას.
საძოვრულ-სტაციონარული სისტემა ხასიათდება იმით, რომ ცხვარი ნოემბრიდან აპრილამდე ბაგურ კვებაზე იმყოფება და საძოვრებით ვერ სარგებლობს.
საძოვრულ-ნახევრადსტაციონარული შენახვის სისტემის შემთხვევაში ცხვარი ზამთრის პერიოდში სოფლების ახლოს არსებულ საძოვრებზე იმყოფება, ზაფხულობით კი ფარები ზამთრის ადგილსამყოფელთან შედარებით ახლომდებარე მთის საძოვრებზე გადაჰყავთ.
მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული დარგია და მას ყოველთვის დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა ენიჭებოდა [1].
მომთაბარე-საძოვრული სისტემა ძირითადია და ამასთან ყველაზე რთული. ასეთი სისტემა გამოყენებულია ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის,  ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, მარნეულის და სხვა რაიონებში. მოიცავს ქვეყანაში არსებული ცხვრის მთლიანი რაოდენობის თითქმის 75%-ს. ზემოდასახელებულ რაიონებში ცხვრისათვის გამოყოფილია ადგილზე და ჩვენი სახელმწიფოს სხვა რაიონებში არსებული ზაფხულის საძოვრები. ხოლო ზამთრის საძოვრების სახით აღმოსავლეთ კავკასიონის მთის ზონის რაიონებს 90-იან წლებამდე გამოყოფილი ჰქონდათ ნოღაის ველები (დაღესტანი), დანარჩენ რაიონებს კი-სახელმწიფოს შიგნით არსებული ზამთრის საძოვრები. მანძილი ზაფხულისა და ზამთრის საძოვრებს შორის შეადგენს ქვეყნის შიგნით 70-დან 250 კმ-ს, ხოლო ქვეყნის გარეთ გადაადგილება უწევდათ - 450-600 კმ-მდე. ზაფხულის მთის საძოვრები განლაგებულია ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მაღლა, ხოლო ზამთრის საძოვრები 400-700 მ სიმაღლეზე.
მომთაბარე მეცხვარეობის თავისებურებათა შორის აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ იგი ძირითადად ისეთ ბუნებრივ საძოვრებზეა დამყარებული, რომელთა ძირითადი ნაწილის გამოყენება მეცხვარეობის დარგის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო სხვა სახის ცხოველებისათვის შეუძლებელი. მიუხედავად ამისა, ცხვარი მთლიანად საძოვრული საკვებით ვეღარ კმაყოფილდება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ამიტომ აუცილებელია დამატებითი კვება (თივა, ნამჯა, წვნიანი და კონცენტრული საკვები).
საძოვრულ-სტაციონარული სისტემა ხასიათდება იმით, რომ ცხვარი ნოემბრიდან აპრილამდე ბაგურ კვებაზე იმყოფება და საძოვრებით ვერ სარგებლობს. აპრილის ბოლო რიცხვებიდან გვიან შემოდგომამდე კი იქვე ახლოს 5-15 კმ-ზე მდებარე ზაფხულის საძოვრებს იყენებს. შენახვის ასეთი სისტემა შემოღებულია ბოგდანოვკის, ახალქალაქის, წალკის, ბორჯომისა და სხვა რაიონებში.
საძოვრულ-ნახევრადსტაციონარული სისტემის შემთხვევაში ცხვარი ზამთრის პერიოდში სოფლების ახლოს არსებულ საძოვრებზე იმყოფება, ღამით ბინებშია მოთავსებული და დამატებითი საკვები ეძლევა, დღისით ისინი ბინების ახლოს მდებარე სოფლისპირა საძოვრებზე გადაჰყავთ. საძოვრების გამოყენებისას დახარჯული დამატებითი საკვების რაოდენობა დამოკიდებულია საძოვრების ვარგისიანობასა და კლიმატურ პირობებზე. ზაფხულობით ფარები ზამთრის ადგილსამყოფელთან შედარებით ახლომდებარე მთის საძოვრებზე გადაჰყავთ. ცხვრის შენახვის ასეთ სისტემას მისდევენ ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, გორის, კასპის, მცხეთის რაიონები.
ზამთრის საძოვრებზე შემოდგომა თბილია, მზიანი და საკმაოდ ნალექიანი. ამიტომ შემოდგომით კვლავ განახლებას განიცდის საშემოდგომო ერთწლიანი მცენარეული საფარი. ზამთარი ზომიერად ცივი და თითქმის უთოვლოა. ამიტომ ცხვარი მთელი ზამთრის განმავლობაში საძოვრებით თავისუფლად სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ტემპერატურა დაბლა ეცემა და ქრის ძლიერი ქარი. ამიტომ საჭიროა ზამთრის საძოვრებზე ცხვრის უზრუნველყოფა თბილი ბინებით. დათბობა იწყება თებერვლის მეორე ნახევრიდან. ამიტომ ეს პერიოდი დოლის ჩატარებისა და ბატკნის გამოზრდისათვის ბევრად ხელსაყრელია.
ზამთრის საძოვრებით მოსარგებლე რაიონებში ნერბვა ეწყობა ზაფხულის საძოვრებზე, სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, გრძელდება სექტემბრის ბოლომდე და დასახელებულ პერიოდში ინერბება თითქმის 75%. ზოგიერთ მეურნეობაში, რომლებიც უზრუნველყოფილია თბილი ბინებითა და საკვებით, ნერბვა შეიძლება დაიწყოს აგვისტოდანაც.
სტაციონარული შენახვის პირობებში დოლი გვიან აპრილის თვეში იწყებოდა. ამჟამად იგი გადმოტანილია უფრო ადრეულ ვადებში. ამ ზონაში დამკვიდრებულია დედისა და ბატკნის ერთად, პატარა ნოტოებად შენახვა. მკაცრი ზამთარი ღრმა თოვლის საფარით სამხრეთ მთიანეთში ბატკნის არც ბაკში და არც გასარდვლის წესით დაწოვების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ რეკომენდებულია ბინათმშენებლობის მნიშვნელოვნად გაფართოება ცხვრის ნორმალური გამოზამთრებისა და ბატკნის გამოზრდისათვის.
ამჟამად არსებული ცხვრის ბინების ძირითადი ნაწილი არატიპიურია; ხოლო ზოგიერთ რაიონში ძველებური მიწური ბინებიც გვხვდება. ისინი ძირითადად განლაგებულია ზამთრის საძოვრების პატარ-პატარა ნაკვეთებზე და მათში მექანიზაციის დანერგვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მართალია 30-35 წლის წინათ დაიწყო ცხვრის ბინების მშენებლობა ტიპიური პროექტით 800 სულიანი ფარისათვის, დღეისათვის მათი რაოდენობა მაინც ძალზე ცოტაა. მათი ნაწილი საერთოდ აღარ არსებობს, ან აღდგენას არ ექვემდებარება. ამასთან ეს პროექტი უკვე მოძველებულია და მათ მიხედვით აშენებული ბინები ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
ცხვრის ხორცის, მატყლისა და რძის წარმოება, მათი რაოდენობრივი მაჩვენებლები დღემდე დაფუძნებულია ძირითადად ბუნებრივი საკვები რესურსების უაღრესად ექსტენსიურ გამოყენებაზე. ამიტომ დაბალია მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები.
სუქება შეიძლება იყოს საძოვრული და შერეული ტიპის. საძოვრული სუქება რეკომენდებულია მაღალმთიან საძოვრებზე, სადაც სასუქი მოედნების მოწყობა და ცხვრის კვება უგზოობის გამო შეუძლებელია, ხოლო შერეული ტიპის სუქებისათვის უნდა მოეწყოს ცხვრის სასუქი მოედნები. ზოგიერთ მეურნეობაში შეიძლება აგრეთვე ცხვრის ინტენსიური სუქება, თუ მეურნეობა ცხვარს მთლიანად ადგილზე მიზიდული საკვებით უზრუნველყოფს.
1980-90 წწ. ყოველწლიურად 5,5-5,8 ათასამდე ტონა მატყლი მზადდებოდა, აქედან 3,0-3,5 ათასი ტონა საზოგადოებრივ მეურნეობებში. წარმოებული მატყლიდან იყო: წმინდა 1,11-11,74%; ნახევრადწმინდა - 1,94-2,15%; ნახევრადუხეში - 25,95-63,0%; უხეში და სხვა მატყლი - 68,21-70,39%.

პროდუქცია




შეგვიკვეთეთ პროდუქცია
შეგვიკვეთეთ პროდუქცია