გერმანელმა სელექციონერებმა უძველესი ქართული ხორბლის ჯიში "ზანდური"
იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც
მსოფლიოში უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება. კვლევა ჟურნალ Trends
in Plant Science–ში გამოქვეყნდა. "ზანდურთან" ერთად
ამავე კონტექსტში დასახელდა სხვა ჯიშები – „პოლუპოლბა“ და „სპელტა.“
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ზანდურისა“ და „პოლუპოლბას“ პოპულარობის
ზრდის მიზეზი გახდა მათი მაღალი მოსავლიანობა და პარაზიტებისადმი
მდგრადობა, ასევე მომხმარებლების მისწრაფება, გაამრავალფეროვნონ
კვების რაციონი. მეცნიერებმა გააანალიზეს ხორბლის ასობით სახეობა და
15 მათგანში აღმოაჩინეს პოტენციალი ბაზარზე გასასვლელად.
მეცნიერთა აზრით, სწორედ დასახელებული ჯიშები ჩაანაცვლებს უახლოეს
მომავალში ხორბლის თანამედროვე სახეობებს. Trends in Plant Science–ი
აღნიშნავს, რომ 9 ათასი წლის წინ ადამიანი ამ მცენარეებს იყენებდნენ
საკვების მოსამზადებლად, თუმცა მწვანე რევოლუციამ, რომელიც მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, ამ კულტურების განდევნა გამოიწვია.
მეცნიერებათა დოქტორი კახა ლაშხი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ
ზანდურის ჯიშის ხორბალი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და გენეტიკური
მასალის 70%–ს შეადგენს. თუმცა იმის შესახებ, რომ ესაა ენდემური
ქართული ჯიში, ცოტამ თუ იცის. ლაშხი ამბობს, რომ საქართველოსთვის
მომგებიანი იქნებოდა, მსოფლიოში ამ ხორბლის, როგორც ქართული ჯიშის
პოზიციონირება მოხდეს – ზანდურის პოპულარობიდან გამომდინარე, ეს
გაზრდიდა საქართველოს ცნობადობას და ქვეყნისთვის პრესტიჟული
იქნებოდა.
„ეს იქნება მომგებიანი ქვეყნისთვის და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი
საკუთრება. არავიზე ნაკლებები ვართ,“ – აცხადებს მეცნიერი
„კომერსანტთან“ საუბარში.
კახა ლაშხი განმარტავს, რომ ზანდურის ჯიშის ხორბალს მაღალი იმუნიტეტი
ახასიათებს, ამასთან არის დაბალმოსავლიანი, მაგრამ სელექციის, სხვა
ჯიშებთან „შეჯვარების“ გზით შესაძლოა მოსავლიანობის გაზრდა. თუმცა,
როგორც სპეციალისტი ამბობს, მდგრადობა ყველაზე მნიშვნელოვანი
თვისებაა. ცნობისთვის: ზანდური ხორბლის უძველესი ქართული ენდემური
ჯიშია. წარმოშობის კერაა რაჭა-ლეჩხუმი. ზანდურს სასელექციო მასალად
იყენებენ ბევრ ქვეყანაში იმუნური ჯიშებისა და ჰიბრიდული ხორბლის
შესაქმნელად. დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის
ძვირფასი სასელექციო მასალა.