„ლომთაგორა“ – ხორბლის და სიმინდის ახალი, უხვმოსავლიანი ჯიშების საამქრო

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კომპანია „ლომთაგორა“ მაღალი სელექციური და სამეურნეო ღირებულებების მქონე ხორბლის ჯიშების სელექციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან სამუშაოებს ეწევა.

ხორბლის და სიმინდის სელექციის ცენტრ — SIMMYT-თან თანამშრომლობამ კარგახანია ნაყოფი გამოიღო. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია უკვე აღიარებული საშემოდგომო ხორბლის ჯიშები: „ლომთაგორა 123“, „ლომთაგორა-126“, „ლომთაგორა-149“, „ლგ-109“, „ლგ-143“ და სხვა საინტერესო ჯიშები, რომელთა პოტენციური მოსავლიანობა შესატყვისი აგროტექნიკის ფონზე ჰექტარზე 6-8 ტონაზე ნაკლები არ არის.

    ფირმა, რომლის მარცვლეულის მოსავლიანობა შესატყვისი აგროტექნიკის ფონზე ჰექტარზე 6-8 ტონას აღწევს.

ფირმა „ლომთაგორა“ მრავალ მიზეზთა გამო არ ეწევა ხორბლის ჰიბრიდიზაციის (ე.წ. ნულოვანი სელექციის) სამუშაოებს. სელექციის საერთაშორისო ცენტრ SIMMYT-თან ზემოხსენებული ურთიერთანამშრომლობის პროგრამების შესაბამისად, ფირმის სასელექციო სანერგეში გამოცდას გადის SIMMYT-ში გამოყვანილი სარწყავი და ურწყავი, გვალვიანი და ნალექიანი, ასევე ორივე პირობებისთვის განკუთვნილი, თეორიულად პერსპექტიული F-2 თაობის ჯიშ-ხაზები, რომლებიც ჯერ კიდევ შორს არიან ჯიშებად ჩამოყალიბებამდე. ჩვენ სანერგეში მოხვედრილი ჯიშ-ნიმუშები გადიან სელექციის ყველა მომდევნო ეტაპს. ეს ეტაპები გახლავთ: ჰიბრიდული სანერგის, საკონტროლო: გამრავლების სანერგეები, წინასწარი ჯიშთა და საწარმოო გამოცდები.

სელექციაში ფართოდ ვიყენებთ გამორჩევის (ნეგატიურ, პოზიტიურ, ინდივიდუალურ, მასობრივ) და ჯიშების წუნდების მეთოდებს.
ამრიგად, ჯიშ-ხაზი საწარმოო გამოცდის ეტაპამდე გადის საკმაოდ გრძელ გზას, რომლის გავლასაც ხშირად 6-7 წელიწადი სჭირდება.
საწარმოო გამოცდაგავლილი ჯიშები რეგისტრირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადის სახელმწიფო ჯიშთა გამოცდას. ამრიგად, გამოცდა უკვე გაიარა „ლგ-126“, „ლგ-123“, „ლგ-109“, „ლგ-143“-მა, „ლგ-131“, რომელიც ორთესელა ბუნებისაა (შესაძლებელია დაითესოს როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე.
წინასწარ ჯიშთა გამოცდას გადის პერსპექტიული ნომრები 401, 404, 407, 409, 411, 501, 508. ამ ჯიშებიდან აღნიშნული ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს №411, რომელიც „ლომთაგორას“ ამავე ნომრით იქნება შემდგომში წარმოდგენილი.

    გვაქვს საინტერესო სიახლე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რომ ხორბალი დათესილია 1,05 მეტრი სიგანის ბაზო-კვლებზე. სტანდარტული ბაზოების სიგანე, რაც მიღებულია მსოფლიოში, 75 სანტიმეტრია, ეს გახლავთ „ფირმა ლომთაგორას“, პირადად ბატონი კახა ლაშხის იდეა, ხორბალი ფართო ბაზო-კვლებზე რვა მწკრივად არის დათესილი.

ასეთი ტექნოლოგიით, მარცვლეულის მოყვანის დროს რამდენიმე ეფექტი მიიღწევა.
ითრგუნება სარეველები, ჩაღრმავებულ კვლებში იოლია წყლის მიშვება და ბაზოების არა მოღვრით, არამედ გაჟონვით მორწყვა, რაც საშუალებას იძლევა ბაზოების ზედა ფენა ჰორიზონტალური ფილტრაციის მეშვეობით თანაბრად დატენიანდეს, არ დაიტბოროს და ნათესი არ ჩაიხუთოს.

  
   ეს ტექნოლოგია იმითაც არის აღსანიშნავი და მიმზიდველი, რომ ჭარბნალექიანობის დროს (როცა ჭარბი ტენი გროვდება და აზიანებს ნათესს), წყლის დაგროვების საფრთხე და ბაზო-კვლების დატბორვა გამოირიცხება, რადგან ზედმეტ წყალი კვლების მეშვეობით ნაკვეთიდან გაედინება.

ამ მეთოდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ როცა ჰექტარზე ვთესავთ 5 მილიონს, შესაბამისად ვიღებთ 5 000 000 მთავარ მცენარეს. 5 000 000 ცენტრალური ღერო ნიშნავს 5 000 000 ძლიერ თავთავს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ყველა მცენარე თანაბარად დატენიანდა და თანაბრად სრულყოფილად გამოიკვება, განვითარდა, რამაც შექმნა იმის პირობა, რომ ნაკლები ბარტყობა წასულიყო. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაინტერესებს ბარტყობა, რადგან ვიღებთ კარგად განვითარებულ 5 მილიონ მთავარ მცენარეს, 5 000 000 თავთავს (საშუალოდ ყოველ თავთავში 2-3 გრამი მარცვალია), რაც სულ მცირე 10-11 ტონა ხორბლის მოსავალია ჰექტარზე.


ძველი მეთოდით გაზაფხულზე ერთხელ უნდა შეიტანო სასუქი და მორჩა, მერე ყანაშიც ვეღარ შეხვალ. აქ კი მცენარე მუდმივი გამოკვების რეჟიმში გვყავს. გაზაფხულზე, როგორც კი ვეგეტაციას განაახლებს, მცენარეს უწყვეტი გამოკვება სჭირდება, რაც ადრე ვერ ხერხდებოდა. დღეს უკვე სასუქების ის ნორმა, რაც განსაზღვრული გვქონდა ერთჯერადად შესატანად, გადავანაწილეთ და სხვადასხვა დროს ორ-სამჯერ დოზირებულად შეგვაქვს. პატარა ჯეჯილს ცოტა საკვები სჭირდება, საშუალო ნაზარდს — მეტი და დიდს — უფრო მეტი. საკვები, მართალია, დიდი დოზებით არ მიგვიცია, მაგრამ უზრუნველვყავით უწყვეტი გამოკვება, მცენარეს შიმშილი არ უგრძვნია, რაც აისახა კიდეც ჯეჯილზე.

ასევე ვმუშაობთ ჩვენი ჯიშების მოვლა-მოყვანის წესების თავისებურებებზე, რამდენადაც ამ თავისებურებებზე ინფორმაცია, ბუნებრივია. ჩვენთვის ყველაზე ადრე ხდება ცნობილი. სწორედ ამის გამო ჩვენგან გასულ თესლს თან ახლავს სათანადო რეკომენდაციები. მომხმარებლებთან, ფერმერებთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს და ამიტომაც ჩვენს მიერ გაცემულ ამა თუ იმ ჯიშთან დაკავშირებით, მათი მოვლა-მოყვანის თავისებურებების, ტექნოლოგიის შესახებ არცერთი კითხვა არ რჩება პასუხგაუცემელი. ვინც ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, და შედეგსაც აღწევს.

ფირმა „ლომთაგორა“ ყოველმხრივ მოწოდებულია მხარში ამოუდგეს ჩვენ ფერმერებს და გაუწიოს მათ კვალიფიციური რეკომენდაცია ხარისხიანი, უხვი მოსავლის მოწევასთან დაკავშირებით.

პროდუქცია




შეგვიკვეთეთ პროდუქცია
შეგვიკვეთეთ პროდუქცია